ფინანსთა სამინისტრო - უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელიც მოქალაქეების ინტერესებს აზიანებს
ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება და მას დეზინფორმაციას უწოდებს. ნადირაშვილმა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ვირუსით გამოწვეული დაავადებების შემთხვევებზე რეაგირების გეგმა მთავრობამ 28 იანვარს დაამტკიცა. მისი თქმით, ფინანსთა მინისტრს მთვარობის დადგენილებიდან ერთი თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ მისი ქვემდებარე ეწყება სათანადოდ მომზადებულიყო, ივანე მაჭავარიანმა მხოლოდ 27 თებერვალს გამოსცა მინისტრის ბრძანება სამინისტროს ფარგლებში ოპერატიული გეგმის დამტკიცების შესახებ და მხოლოდ 28 თებერვალს გადაწყვიტა მებაჟეებისთვის დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა გამარტივებული წესით.
ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 თებერვლის N337 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალებული აქვს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის/სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი დაწესებულებებისთვის, დამატებითი ფინანსური რესურსების საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან) სათანადო ასიგნებების გამოყოფა.
„ამასთან ერთად, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო, მათ შორის, განსაკუთრებით შემოსავლების სამსახურის მთელი სისტემა, აქტიურადაა ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებში.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ამ დროისთვის საბაჟო გამშვები პუნქტები (მათ შორის აეროპორტები/სახმელეთო გადასასვლელები/რკინიგზის სადგურები/ საზღვაო პორტები) სრულადაა აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო სახარჯი მასალებით, მათ შორის, სამედიცინო დოლბანდებით, ბახილებით, სამედიცინო ხსნარებით, კომბინიზონებით, სამედიცინო ხალათებით, ასევე, დისტანციური (უკონტაქტო) თერმომეტრებით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები და ექიმი ეპიდემიოლოგები დამცავი ნიღბებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, 24-საათიან რეჟიმში ახორცილებენ მგზავრთა ინდივიდუალურ მონიტორინგს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული სამედიცინო ინვენტარის დღეს არსებული მარაგები სრულიად საკმარისია.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური სამედიცინო აღჭურვილობისა და ინვენტარის შესყიდვას, რომელზედაც დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, ახორციელებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ ამოიწუროს არსებული მარაგები და არ შეფერხდეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მისი მართვის ღონისძიებები.
ასევე აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში, დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები, სადაც მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან.
მნიშვნელოვანია, რომ დამატებით მოხდება ცხრა საბაჟო-გამშვები პუნქტის აღჭურვა თერმოსკრინინგის კამერებით.
შესაბამისად, ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუმზადებელი შეხვდა პროცესს, არის ტყუილი.
მაშინ, როდესაც ამ ახალ გამოწვევასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანია საზოგადოების კონსოლიდაცია მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ვფიქრობთ, უპასუხისმგებლოა საკუთარი ვიწროპარტიული მიზნებისთვის იმდაგვარი განცხადების გაკეთება, რომელიც ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელებასა და აზიანებს ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.