ფინანსთა სამინისტრო სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ოპერაციებს იწყებს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ერთობლივი ბრძანება გამოსცეს, რომლითაც სახაზინო ქაღალდების დებულებაში ცვლილებები განხორციელდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, ცვლილება ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა და ორ ძირითად საკითხს ეხება. კერძოდ, ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ვალის მართვაში ახალ ინსტრუმენტებს ნერგავს და სახაზინო ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვის ოპერაციებს იწყებს, რაც ნიშნავს სახაზინო ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადის დადგომამდე, მათ თანდათანობით გამოსყიდვას.
„ასეთი ოპერაციები, როგორც ემიტენტის ლიკვიდობის უკეთესად მართვის ინსტრუმენტი, ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში და დადებითად აღიქმება ფინანსური ბაზრების მიერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკითხი ეხება დიდი მოცულობის ბონდების ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვას. საქართველოს შემთხვევაში კი, ეს ძირითადად გამოყენებული იქნება დიდი მოცულობის ბენჩმარკ ბონდების ნაწილის ვადაზე ადრე დაფარვისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს სახელმწიფო ხაზინის ლიკვიდობის მართვას”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამასთან, სახაზინო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებზე იზრდება არაკონკურენტული განაცხადების ზედა ზღვარი. კერძოდ, არაკონკურენტული განაცხადის მაქსიმალური მოცულობა დღევანდელი 20 ათასი ლარიდან 50 ათას ლარამდე გაიზრდება.
„კონკურენტული განაცხადის მინიმალური ზომა არსებული წესით ისედაც 50 ათასი ლარიდან იწყება. ამის შედეგად პირველად აუქციონებზე 50 ათასს ქვევით იქნება არაკონკურენტული განაცხადები, ხოლო 50 ათასის ზევით – კონკურენტული განაცხადები”, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.