ფინანსთა სამინისტრო - მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2021-2026 წლების პერიოდში, ჯამში, 53,1%-ით იზრდება, რითიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს
მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2024 წლის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. პუბლიკაციაში, რომელიც წელიწადში ორჯერ, იანვარსა და ივნისში გამოდის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იანვართან შედარებით გაუმჯობესებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ, როგორც სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მსოფლიო ბანკის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 5,2%-ით, 2025 წელს კი 5%-ით გაიზრდება, რაც, შესაბამისად, 0,4%-ით და 0,5%-ით მაღალია, ვიდრე ეს მსოფლიო ბანკს წლის დასაწყისში ჰქონდა წარმოდგენილი.
„გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა 2021-2026 წლების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივაც წარმოადგინა. ბანკის შეფასებით და პროგნოზით, ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკა ამ ექვსწლიან პერიოდში, ჯამში, 53,1%-ით იზრდება, რითიც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ლიდერობს და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც განხილულ ექვსწლედში ერთნახევარჯერზე მეტად ზრდის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.