ფინანსთა სამინისტრო - გარდაცვალება სასესხო ვალდებულების ავტომატურად შეწყვეტას არ იწვევს, ამიტომ ბაზებში შესაძლოა, გარდაცვლილთა სასესხო მონაცემებიც იყოს
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რატომ ფიქსირდება სესხების ჩამოწერის ინიციატივის ფარგლებში ატვირთულ მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია გარდაცვლილთა სასესხო დავალიანების შესახებ.
სამინისტროს ინფორმაციით, საბანკო და საფინანსო დაწესებულებების მონაცემთა ბაზებში შესაძლებელია, იყოს მონაცემები გარდაცვლილ პირთა სასესხო დავალიანების შესახებ, რადგან მოვალის გარდაცვალება ავტომატურად არ იწვევს ვალდებულების შეწყვეტას სასესხო ურთიერთობებში, თუ მხარეები ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არიან შეთანხმებული.
„მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკური პირის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამკვიდრო ქონებაში შედის მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებები, ისე მოვალეობები, რომელიც მას გარდაცვალების მომენტისთვის ჰქონდა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და აღნიშნულია, რომ მემკვიდრეები ვალდებული არიან, მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში.