ფინანსთა სამინისტრო იაპონიასთან ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შეთანხმების განახლებაზე მოლაპარაკებებს იწყებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, ჯინდა ნაოიამ ონლაინ კონსულტაციები გამართეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების მიზანი საქართველოსა და იაპონიას შორის „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების განახლება იყო.
უწყება განმარტავს, რომ განახლებული შეთანხმების პროექტის მიზანია, დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის საფუძველზე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2017 წლის მოდელით შეთავაზებული სიახლეების გათვალისწინება-დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და ინვესტიციების მოზიდვას.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება 56 ქვეყანასთან არის ძალაში.