ფინანსთა სამინისტრო - ახალი საბაჟო კოდექსით გაფორმებისა და საქონლის გადამუშავების გამარტივებული პროცედურები ინერგება
ახალი საბაჟო კანონმდებლობა მარტივი გაფორმების პროცედურას ითვალისწინებს – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, შესაძლებელი ხდება სასაქონლო პარტიისთვის იმპორტის გადასახადი გაანგარიშდეს დეკლარაციაში შემავალი საქონლის იმპორტის გადასახადის უმაღლესი განაკვეთის საფუძველზე, რაც შეამცირებს საბაჟო ადმინისტრირების დანახარჯებს.
„გარდა ამისა, ახალი საბაჟო კოდექსით ბიზნესს ეძლევა შესაძლებლობა, გადამუშავებული პროდუქტის იმპორტის შემთხვევაში, მისი სურვილით, იმპორტის გადასახდელები გაიანგარიშოს ან გადამუშავებული პროდუქტისათვის დადგენილი განაკვეთების ან ნედლეულისათვის დადგენილი განაკვეთების შესაბამისად. ახალი რეგულაციით, ბიზნესს უმცირდება დანახარჯები და უჩნდება უფრო მეტი სტიმული საქართველოში პროდუქციის წარმოებისათვის“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი საბაჟო კოდექსით მნიშვნელოვნად მარტივდება საბაჟო პროცედურები.
მისივე ინფორმაციით, ახალი საბაჟო კოდექსით ასევე მარტივდება სასაზღვრო ფორმალობები. გადამზიდავ კომპანიას საშუალება ეძლევა წინასწარ განახორციელოს ზოგადი დეკლარირება, საქონლის შემოტანისას 200, ხოლო გატანისას 150 დღით ადრე, რაც გამოიწვევს საზღვარზე აღრიცხვის მოწმობის გამოწერისთვის საჭირო დროის დაზოგვას.
გარდა ამისა, სამინისტროს ინფორმაციით, სიახლეა, რომ ახალი საბაჟო კოდექსით, საქართველოში დაინერგება ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა.
ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სისტემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ნდობის უფრო მაღალი ხარისხის არსებობას, რაც ასევე, გულისხმობს ქართული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის აღიარებას ევროკავშირის ქვეყნებში.
ამასთან, ახალი საბაჟო კოდექსით ჩნდება შესაძლებლობა, პირმა საბაჟო დეკლარირება მოახდინოს საკუთარ ჩანაწერებში მონაცემების შეყვანით, რაც გულისხმობს დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვას საბაჟო სფეროში, რაც უზრუნველყოფს დეკლარანტის ადმინისტრაციული დანახარჯების შემცირებას.
„ახალი საბაჟო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარანტიის ახალი სახის – თავდებობის გამოყენების შესაძლებლობას.
ახალი საბაჟო კოდექსით, დეკლარანტს ეძლევა შესაძლებლობა, საბაჟო ოპერაციების უზრუნველყოფა განახორციელოს გარანტიის ახალი სახით – თავდებობით, რომელიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისათვის“,- აღნიშნავენ ფინანსთა სამინისტროში.