ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შესაძლოა, გაიზარდოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შესაძლოა, გაიზარდოს

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე არ გამორიცხავს, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებისას, თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდოს. პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 802 მლნ ლარიდან 790 მლნ ლარამდე მცირდება.

კაკაურიძე ლევან იზორიას უწყებისთვის ბიუჯეტის შემცირებას ერთ-ერთი პროექტის დასრულებას უკავშირებს.

„საფრანგეთიდან მისაღები 22 მლნ ლარი იყო დარჩენილი, რომელიც სრულად მივიღეთ. ამის გამოა ბიუჯეტი ახლა შემცირებული. დამატებითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ბიუჯეტი გაზრდილი იქნება”, – განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მომავალ წელს სახელმწიფო უწყებებში შტატების შემცირება არ იგეგმება.

„მომავალ წელს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება არ იგეგმება. ანაზღაურების ნაწილის ზრდა კი, დაკავშირებულია ძალოვან უწყებებში დაბალი რანგის პირებისთვის ხელფასების 250 ლარით მატებით”, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება საბიუჯეტო პარამეტრებს, კაკაურიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 4,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე.

„ველოდებით, ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესების ანალიზს, რომლითაც ცხრა თვის მდგომარეობის შეფასება შეგვეძლება. თუ იმის საშუალება იქნება, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედოს, შესაძლებელია, გადასახადების ნაწილი დაკორექტირდეს“, – დასძინა კაკაურიძემ.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში დღეს იწყება. დოკუმენტს ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. პარლამენტი ბიუჯეტის პროექტს საშემოდგომო სესიის ბოლომდე დაამტკიცებს.