ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გურიაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოსაგვარებლად თანხები სარეზერვო ფონდიდან წელსვე გამოიყოფა
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ გურიაში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების პრობლემის მოგვარება წელსვე მოხდება.
როგორც კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ მიზნით თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.
რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, კაკაურიძის თქმით, სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად 2024 წელს 90 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
„სტიქიის თანხა, რაც მომდევნო წელს დაიხარჯება, არის დაახლოებით 90 მილიონი ლარი. თუმცა, დაზარალებულ მოსახლეობას რაც შეეხება, ბიუჯეტში ცვლილებების დროსაც ვთქვი, რომ ეს თანხა წელსვე უნდა იქნას მოძიებული, ამიტომ სარეზერვო ფონდიდან იზრდება. წელსვე მოხდება იმ ადამიანების დაკმაყოფილება, რომელთაც, სტიქიიდან გამომდინარე, საცხოვრისის პრობლემა აქვთ. გურიაში 300 ზე მეტი, დადასტურებულად ვიცით, რომ არის, თუმცა შეიძლება, კიდევ მეტი იყოს. ბიუჯეტი ჯერ ხელმოწერილი არ არის, ალბათ დღეს-ხვალ გამოქვეყნდება და ჩვენ უკვე შევძლებთ, რომ თანხები გამოვუყოთ მუნიციპალიტეტებს და მუნიციპალიტეტებმა ეს ადამიანები დააკმაყოფილონ. ახალი ბინის შეძენა იქნება, თვითონ შეიძენს ბინას და გარკვეულ კომპენსაციას გადავუხდით – ეს პროცესი მოლაპარაკების ნაწილია, რომელსაც მუნიციპალიტეტი წარმართავს. თუმცა, ჩვენ მომდევნო წელს ვერ გადავიტანდით ამას, ვერ დავიწყებდით სახლების მშენებლობას, რადგან ეს არის გრძელვადიანი პროცესი, ამ ადამიანებს ძალიან სწრაფად სჭირდებათ და ამიტომ წელსვე უნდა დაიხუროს საცხოვრებელი სახლების თემა, წელსვე უნდა დამთავრდეს. არ ვიცი, რამდენად ეყოფა ის რესურსი, რაც გათვალისწინებულია 2023 წელს, თუმცა დამატებით, შიდა გადანაწილებით ისე უნდა ვქნათ, რომ ვინც დაზარალდა ამ სტიქიით გურიაში, საცხოვრებელი სახლების თემა წელსვე მოვუგვაროთ“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.