ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივას ევროპის საინვესტიციო ბანკი შესაბამისი ფინანსური მექანიზმებით უზრუნველყოფს
ფინანსთა მინისტრის ახალ ინიციატივას ევროპის საინვესტიციო ბანკი შესაბამისი ფინანსური მექანიზმებით უზრუნველყოფს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივებს, რომლებიც ფოკუსირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ფინანსთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ მოახერხოს ყველა მოქალაქის ჩართვა ეკონომიკურ განვითარებასა და ზრდაში, რომელსაც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული რეფორმები შექმნის.

„ჩვენ განვიხილეთ ისეთი თემები, როგორებიცაა საგარანტიო სტრუქტურის შექმნა საქართველოს ბანკებისთვის, რომელიც უფრო იაფ დაფინანსებას მოიტანს და შეამცირებს ბანკების ხარჯს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებაში. ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, რა თქმა უნდა, ასევე, განვიხილავთ სხვა ელემენტებსაც, როგორიცაა მიკრო სესხები და EIB-ის მხრიდან უფრო მეტი იაფიანი დაფინანსების გაწევა საქართველოს ადგილობრივი ბანკების მიმართ, რომელიც ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის იქნება განკუთვნილი.

საბოლოო ჯამში, ეს იყო ძალიან კარგი შეხვედრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალში აქტიურად გაგრძელდება,“ – განაცხადა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყნისთვის სხვა სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთად, ფინანსურ რესურსებს მიმართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან აღნიშნული სექტორის განვითარება ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წელს ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოში დამატებით 250 მლნ ევროს მიმართავს გზების მშენებლობის მხარდასაჭერად