საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ჰუბერტ ქნირშთან.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანელმა დიპლომატმა ლაშა ხუციშვილს მიულოცა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
„შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას, როგორც ფინანსური მხარდაჭერის, ისე ევროკავშირთან ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და სხვა გერმანული ინსტიტუტების დახმარებით, გერმანიის მთავრობა ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, აფინანსებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებს ენერგეტიკის/ენერგოეფექტურობის, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, პროფესიული განათლების, გარემოს დაცვის სექტორებში, აგრეთვე, მხარდაჭერას უწევს სოციალური საბაზრო ეკონომიკის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიის მშენებლობის პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში გერმანიის მხრიდან გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც ნაწილია იმ მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარტნიორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი რეაბილიტაციისთვის მოიზიდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობებს შორის განვითარების თანამშრომლობის შესახებ კონსულტაციებისთვის, რომელიც 2021 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს, რათა განისაზღვროს მომავალი ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.
დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზაობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში“,- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.