ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (GGP) უფროს დირექტორს, დებორა ვეცელს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები.
საუბარი, ძირითადად, შეეხო საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
„მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მიერ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) 2017 წლის პოზიტიურ შეფასებას, რომელიც PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით“, – აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას.
„თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ პარტნიორობა იმ რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას ქვეყანაში“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.