ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაციას გამართავს
ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. როგორც პირველ არხს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმპორტიორებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ახალი საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ სიახლეებს გააცნობს.
სამინისტროს ცნობით, დოკუმენტი სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს, რაც მნიშვნელოვანი სტიმული გახდება ინვესტიციების მოსაზიდად და ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესის ინტეგრაციას ევროკავშირის ბაზარზე.
„საბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში“,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.