ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება
2023 წლის ბიუჯეტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 290 მლნ ლარზე მეტით, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას.
მისი თქმით, ასევე, 10%-ით იზრდება საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები. ასევე, იზრდება პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება 15-დან 18 ლარამდე.
კერძოდ, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წლიდან საჯარო სკოლის მასწავლებელთა და მანდატურთა ხელფასი 125-125 ლარით გაიზრდება.
ამასთან, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით.
„ვიწყებთ 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაციასა და მშენებლობას, რისთვისაც 2023 წელს გათვალისწინებულია 300 მლნ ლარამდე. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში, შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდა 100 ლარის ოდენობით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.