Financial Times - ამერიკის სანქციებმა თურქული აქტივების გაუფასურება გამოიწვია
თურქული ეროვნული ვალუტა დღეს ისტორიულად დაბალ მაჩვენებელზე დაფიქსირდა, თურქეთის ფინანსურმა ბაზრებმა კი, სერიოზული რყევა განიცადეს. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ თურქ მაღალჩინოსნებზე ეკონომიკური სანქციების დაწესება გახდა, თურქეთში ამერიკელი პასტორის დაპატიმრების გამო. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
თურქული ლირა ხუთშაბათის ვაჭრობაზე 1.1. პროცენტით გაუფასურდა, რაც საბოლოო ჯამში იმას ნიშნავს, რომ ერთი დოლარი 5 ლირაზე მეტი ღირს. ლირა ფაქტობრივად ერთ ღამეში გაუფასურდა მას შემდეგ, რაც გუშინ ვაშინგტონმა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ანგარიშების გაყინვის შესახებ განცხადება გაავრცელა. თეთრმა სახლმა თურქი მინისტრების სანქცირება თურქეთში ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრების გამო გადაწყვიტა. პასტორს თურქეთში ტერორიზმსა და შპიონაჟში დასდეს ბრალი.
ამერიკულმა სანქციებმა დარტყმა თურქეთის ფინანსურ ბაზარსაც მიაყენა და თურქული საბაზისო ინდექსი BIST 100-ი სტამბულის ბირჟაზე 2.3 პროცენტით დაეცა.
აშშ-ის სანქციები კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იყო თურქეთისთვის, რომელიც მაღალი ინფლაციისა და სხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო, ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფება. ლირა წლის დასაწყისიდან დღემდე, უკვე 25 პროცენტით გაუფასურდა და მსოფლიოში ყველაზე მერყევ ვალუტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად პოზიციაზეა.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონის სანქციებმა თუქეთის ბაზარზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის სხვა სანქციებისა და კონტრ-სანქციების მოლოდინი შექმნა. პოლიტიკური ესკალაცია კი, ინვესტორებში ნდობას არ იწვევს.