ფინალში „აია“-ს „ლოკომოტივი“ დაუპირისპირდება | „ლოკომოტივი“ 22:13 „ჯიქი“
„დიდი 10“-ის წინასწარ ფინალში ერთმანეთს რეგულარული სეზონის პირველადგილოსანი – თბილისის „ლოკომოტივი“ და მოქმედი ჩემპიონი – გორის „ჯიქი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა.
მატჩის მე-12 წუთზე წინ „ჯიქი“ გავიდა – ნინიძემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. სამ წუთში რკინიგზელთა კვაჭი, შალვა მამუკაშვილი ყვითელი ბარათით დაისაჯა და ნინიძემ სტუმრები ექვსი ქულით დააწინაურა, თუმცა კაცნაკლულმა „ლოკომოტივმა“ მეტოქეს ლელო დაუდო და ანგარიშში სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა. პირველი ტაიმის შემდეგ – „ლოკომოტივი“ 5:6 „ჯიქი“.
შეხვედრის მეორე ნახევრის საწყის წუთებში მასპინძლები გააქტიურდნენ. 47-ე წუთზე „ლოკომოტივი“ პირველად გავიდა წინ, ლელო გაგა გაგოშვილმა მიითვალა. 55-ე წუთზე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმა ზუსტად დაარტყა და თბილისელებს კომფორტული, 9 ქულიანი უპირატესობა მოუტანა – 15:6. გორელებს თამაშში დასაბრუნებლად ქულების მოპოვება სჭირდებოდათ, თუმცა 65-ე წუთზე გაგა გაგოშვილის დუბლით კვლავ რკინიგზელები დაწინაურდნენ.
დარჩენილ 15 წუთში მოქმედ ჩემპიონებს გამარჯვების მოსაპოვებლად სამი შედეგიანი შეტევა და ორი გარდასახული ლელო სჭირდებოდათ. შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთი იყო, როდესაც „ჯიქმა“ მეტოქის ხუთმეტრიან ზონაში შესანიშნავი მოლი ააგორა და ლელო რობერტ სუთიძემ დაამიწა – 22:13.
მატჩის ბოლო წუთები სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, ისინი მაღალ ტემპში უტევდნენ და მეტოქის დაცვის ხაზს ხშირად ჭრიდნენ, თუმცა არაზუსტი გადაცემების გამო მანძილს კარგავდნენ და ქულების მოპოვება ვერ მოახერხეს.
„ჯიქს“ პრესტიჟის ლელოს დადება ბოლო წუთზეც შეეძლო, შალვა დიდებულიძემ ხაზი გაჭრა და თითქოს ბურთის ლელოში გადადებაღა დარჩენოდა, მაგრამ მან ნიკა სუხაშვილს უპასა, რომელმაც ბურთი ვერ დაიმორჩილა და სტუმრებმა ეს სალელოვე შანსიც გაანიავეს.
საბოლოო ანგარიში – „ლოკომოტივი“ 22:13 „ჯიქი“.
„დიდი 10“ -ის დიდი ფინალი 13 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრაში თბილისის „ლოკომოტივი“ ქუთაისის „აიას“ დაუპირისპირდება.
ფოტო: გოგიტა ბუხაიძე