ფილმის „ნამე“ ოპერატორი გიორგი შველიძე მოსკოვში ევრაზიის კინოფესტივალის დაჯილდოებას არ დაესწრება
ფილმის „ნამე“ ოპერატორი გიორგი შველიძე ევრაზიის კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონიაზე დასასწრებად მოსკოვში არ ჩავა. საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინფორმაციით, ქართველი კინოოპერატორი გიორგი შველიძე „ისთ-ვესთ. გოლდენ არჩ“ (EAST-WEST. GOLDEN ARCH)-ის მოკლე სიაში მოხვდა.
კინოცენტრის ინფორმაციით, საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში წარდგენილმა გიორგი შველიძემ, ფილმისთვის “ნამე” (რეჟისორი ზაზა ხალვაში), მოსკოვში წასვლაზე უარი თავად განაცხადა.
შველიძე საუკეთესო კინოოპერატორის პრემიაზე, ცნობილ რეჟისორებთან სერგეი ლოზნიცასთან და პაველ პავლიკოვსკისთან ერთადაა წარდგენილი.
წელს დაჯილდოების ცერემონიალი 14 აპრილს მოსკოვის „ელ ცეტერა“ (Et Cetera) თეატრში გაიმართება.
გიორგი შველიძე ცოტა ხნის წინ ამერიკის კინემატოგრაფისტთა საზოგადოების მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.