ფილიპო გრანდი - კონფლიქტით გამოწვეული ჰუმანიტარული საკითხები დევნილ მოსახლეობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე ახდენს გავლენას
გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ რთული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ყოფაზე, – ამის შესახებ გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ.
დავით ზალკალიანი ფილიპო გრანდის დღეს ჟენევაში შეხვდა. როგორც უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისგან ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიიღო ინფორმაცია.
„მოხარული ვარ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანთან შეხვედრით. მან ბოლო ინფორმაცია მომაწოდა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ. ვისაუბრეთ მიმდინარე ვითარებაზე, რომელიც კონფლიქტებს ეხება. სამწუხაროა, რომ ეს კონფლიქტები ჯერჯერობით გადაუჭრელია და ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც ამ კონფლიქტით არის გამოწვეული, დევნილ მოსახლეობაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე ახდენს გავლენას. რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ გაერო-ს უმაღლეს კომისარს მხოლოდ ჰუმანიტარული როლი აქვს ამ პროცესში და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფუნქციის შესრულებას, რომ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ ის რთული მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანების ყოფაზე“, – განაცხადა ფილიპო გრანდიმ.