ფილიპინებზე ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
ფილიპინებზე „ტაალის“ გააქტიურების გამო, ქალაქ აგონსილიოს მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
სეისმოლოგიისა და ვულკანოლოოგის ცენტრმა ვულკანის ამოფრქვევის ალბათობა ხუთდონიან შკალაზე მეორე დონიდან მესამეზე აიყვანა. მათივე ინფორმაციით, ვულკანის მაგმა წყალთან ურთიერთქმედებაში შევიდა, რაც ფრეატულ ამოფრქვევას გამოიწვევს. ფრეატული ამოფრქვევის დროს წყლის სწრაფი აორთქლება ხდება, რაც თერმულ აფეთქებას იწვევს და ვულკანიდან ქვების, ნაცრის და ლავის ბომბების გამოდევნა ხდება.
კატასტროფის ეროვნული ბიურო, ვულკანის გააქტიურების გამო, მოსახლეობას მიწისძვრების შესახებაც აფრთხილებს.
ვულკანი „ტაალი“ ერთ-ერთი ყველაზე პატარა აქტიური ვულკანია. იგი ტბა „ტაალის“ შუაში მდებარეობს და ქვეყნის დედაქალაქიდან 70 კილომეტრის მანძილზეა დაშორებული. 1911 წელს ვულკანის ამოფრქვევას 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო გასულ წელს ვულკანიდან ფერფლისა და გაზობრივი წყლის ორთქლის ამოფრქვევის გამო ასობით ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია.