ფილიპინებზე ტაიფუნ „მანჯუთის“ შედეგად გამოწვეულ მეწყერს 30 მეშახტე ემსხვერპლა
ტაიფუნ „მანჯუთის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 60-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 30 მეშახტეა, რომლებიც სტიქიით გამოწვეულ მეწყერს ემსხვერპლნენ.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობა 25 დაღუპულის შესახებ. სუპერ ტაიფუნი „მანჯუთი“ ფილიპინებს გუშინ ღამით დაატყდა თავს. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ჩახერგილია გზები. ხელისუფლება ჯერ მიყენებულ ზარალს ითვლის. სტიქიამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
ფილიპინების შემდეგ სტიქიამ ჰონგ-კონგს გადაუარა. ამჟამად კი ტაიფუნი ჩინეთის პროვინცია გუანდონს უტევს. სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 111-ს აღწევს. ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე დაასრულა. გამოცხადებული განგაშის უმაღლესი, წითელი დონე. მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან გარეთ გასვლას მოერიდონ. არ მუშაობენ მაღაზიები, სკოლები და შეფერხებით ფუნქციონირებს აეროპორტიც. სუპერ ტაიფუნის გამო ცნობილი მაკაოს სამორინეები ისტორიაში პირველად დახურეს.