ფილიპინებში ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი დააკავეს
ფილიპინებში ხელისუფლების კრიტიკით ცნობილი საინფორმაციო სააგენტო „რაპლერის“ ხელმძღვანელი დააკავეს. მარია რესას განცხადებით, სააგენტოს მიმართ „კიბერ ცილისწამების“ ბრალდება არის პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს მთავრობის მცდელობა, რომ სააგენტო გააჩუმოს.
დუტერტემ არაერთხელ განაცხადა, რომ „რაპლერი“ ყალბ ამბებს ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს თანამშრომლების განცხადებით, საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
ბრალდება უკავშირდება საინფორმაციო სააგენტოს მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიზნესმენისა და ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლის სავარაუდო კავშირებზე.
„რაპლერი“ მარია რესამ სამ ჟურნალისტთან ერთად 2012 წელს დააარსა. აღნიშნული სააგენტო გახმაურებული გამოძიებებით და ფილიპინების პრეზიდენტის, როდრიგო დუტერტეს ღია კრიტიკით არის ცნობილი. „რაპლერის“ დაფუძნებამდე, მარია რესა „სი ენ ენ-ის“ მანილას ბიუროს ხელმძღვანელობდა.