ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის კუჭში 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინეს
ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული ვეშაპის კუჭში 40 კილოგრამი პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინეს.
ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ (BBC) მკვლევრებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვეშაპი მარტის დასაწყისში ქალაქ დავაოსთან გამოირიყა. ადგილობრივი მუზეუმის თანამშრომლები სოციალურ ქსელში მთავრობას მოუწოდებენ, ზღვის დაბინძურების წინააღმდეგ ზომები გაამკაცრონ.
როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, პოლიეთილენის ერთჯერადი პარკების გამოყენება პრობლემას წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. გარემოს დამცველი ორგანიზაციის „ოკეანის კონსერვაციის“ მიერ 2015 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ოკეანეში მოხვედრილი პლასტიკური ნარჩენების 60 პროცენტი აზიის ხუთ ქვეყანაზე – ჩინეთზე, ინდონეზიაზე, ფილიპინებზე, ვიეტნამსა და ტაილანდზე მოდის.