ფილიპ რიკერი - დავით ზალკალიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი
ფილიპ რიკერი - დავით ზალკალიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი

დავით ზალკალიანს საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა გადავეცი, – ამის შესახებ ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ფილიპ რიკერმა რომში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო ჩემი მეგობრის, ჩემი კოლეგის, დავით ზალკალიანის ნახვა. მას გადავეცი მოკითხვა სახელმწიფო მდივან ბლინკენისგან და ასევე, რა თქმა უნდა, გადავეცი პრეზიდენტ ბაიდენის მოკითხვა პრემიერისადმი. ვფიქრობ, ჩემი ვიზიტი რეგიონში იყო ძალიან სასარგებლო, მოვახერხეთ დავწეოდით ბოლო დროის მოვლენების განვითარებას. საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრიორიტეტულია ჩვენთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს რეგულარულ დიალოგსა და საუბრებს. რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ თბილისში ჩვენს საელჩოსთან, რომელიც კვლავ აქტიურ როლს ასრულებს 19 აპრილის შეთანხმების სრული იმპლემენტაციისთვის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა საქართველოსთვის, რომ გააგრძელოს წინსვლა და ჩვენ, რასაკვირველია, აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა, სუვერენიტეტს და სტაბილური განვითარებადი დემოკრატიის წარმატებას”, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.