ფილიპ ბრიდლავი - რუსეთს ნებას თუ დავრთავთ, ისე მოიქცეს, როგორც სურს, კრემლის ქმედებები განმეორდება, ისტორია გვასწავლის, საქართველოში მისი შეჭრის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ გაცემული პასუხი არასაკმარისი იყო
„ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით 28 იანვარს გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის განმტკიცება: საუბარი ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ ამერიკელ მეთაურებთან“ (Enhancing NATO’s Colleactive Defense: A Conversation with Former Supreme Allied Commanders in Europe). დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურები, ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლები, ოთხვარსკვლავიანი გენერლები უესლი კლარკი და ფილიპ ბრიდლავი.
ღონისძიების მსვლელობისას, ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს მიმდინარე ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზები და შედეგები, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობა და როლი.
„პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის გარშემო არსებული რთული სიტუაცია შეარყევს რუსეთის გარშემო არსებული სახელმწიფოების მთავრობების თავდაჯერებულობას და გააადვილებს მათი მხრიდან რუსეთის ინტერესთა გათვალისწინებას, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე“, – განაცხადა დისკუსიისას უესლი კლარკმა.
ამასთან, C-SPAN-ის სატელევიზიო არხის გადაცემაში – Washington Journal რუსეთ-უკრაინის ბოლოდროინდელ დაპირისპირების თაობაზე ისაუბრა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილმა მეთაურმა, ნატო-ს მეკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ხოლო ამჟამად „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. გენერალმა ბრიდლავმა ისაუბრა რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობასა და როლზე. მან გადაცემაში რამდენჯერმე მოიხსენია საქართველო.
ბრიდლავის თქმით, მოვიდა დრო, დასავლეთმა დაიჭიროს მყარი პოზიცია და პუტინს გაუგზავნოს მტკიცე გზავნილი მისი ქმედებების დაუშვებლობაზე, „გზავნილი, რომელიც მას, სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოში, ხოლო შემდეგ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ მიუღია“.
„თუკი რუსეთს ნებას დავრთავთ, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, კრემლის ქმედებები განმეორდება. ისტორია გვასწავლის, რომ (რუსეთის) საქართველოში შეჭრის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ გაცემული პასუხი არასაკმარისი იყო. აღნიშნულის მსგავსად მოვიქეცით 2014 წელსაც. ჩვენ ნება დავრთეთ (რუსეთს) მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა და თვალი დავხუჭეთ არასწორ საქციელზე. ახლაც კი ყირიმი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და კრემლი დონბასის რეგიონშია“, – განაცხადა გენერალმა ბრიდლავმა.
ბრიდლავის თქმით, შეიმჩნევა „ცივი ომის“ ეპოქისთვის დამახასიათებელი რიტორიკისკენ დაბრუნება.
„თუმცა, არავის სურს „ცივი ომი“ და დაპირისპირება პუტინის გარდა. პუტინს სურს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მისთვის მისაღებ ჭრილში, დაუბრუნოს რუსეთს ყოფილი გავლენის სფეროები და აღადგინოს მის მიმდებარე სამეზობლოზე კრემლის კონტროლი. ეს კი არ სურს დასავლეთს. ყველა დიდ შეხვედრაზე ცენტრალურ ხასიათს იძენს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკაზე დისკუსია. ნატო-ში გაწევრიანება ურთულეს პროცესს წარმოადგენს. მონტენეგროს ძალზე დიდი ხანი ცდა მოუხდა, ვიდრე მას წევრობა შესთავაზეს. ასპირანტი სახელმწიფოები უამრავ დაბრკოლებას გადალახავენ იმისათვის, რომ ერთ დღეს ორგანიზაციის წევრი გახდნენ. ყველა ერს გააჩნია სუვერენული უფლება, აირჩიოს მისთვის მისაღებ ალიანსებსა და კავშირებში გაწევრიანება და არავის, მათ შორის, რუსეთს, არ უნდა ჰქონდეს მათ მისწრაფებებზე ვეტოს უფლება“, – აღნიშნა გენერალმა ბრიდლავმა.
ამასთან, უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთის ჯარების მომზადების ხარისხზე საუბრისას გენერალმა აღნიშნა: „რუსეთის ძალები სწავლის პროცესში არიან და ადაპტაციას გადიან წინა წლებთან შედარებით. თითოეულ ახალ ბრძოლაში, სადაც ისინი ერთვებიან, რუსული ჯარი უკეთესი ხდება. საქართველოში შესვლის პერიოდში, ასევე „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის ოკუპაციისას, კარგად ჩანს, რომ მიუხედავად რუსეთის საბოლოო გამარჯვებისა, პატარა ერმა მათ საკმარისი სიმწარე აგემა“.