ფილარმონიასთან აფეთქების შედეგად დაშავებულებს სხვადასხვა ტიპის ტრავმები და დამწვრობა აღენიშნებათ
ფილარმონიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა ნაკლებად მძიმე, თუმცა საყურადღებოა.
ამ ეტაპზე პაციენტებს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა უტარდებათ.
„აფეთქების შედეგად არის ერთი გარდაცვლილი პიროვნება, ხოლო გვყავს სამი დაშავებული, რომლებიც გადაყვანილები არიან შესაბამის კლინიკებში. განსაკუთრებით საყურადღებოა ერთი პაციენტის მდგომარეობა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. ის გადაყვანილია ალადაშვალის სახელობის კლინიკაში. დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობა, ამ პაციენტთან შედარებით არის ნაკლებად მძიმე, თუმცაღა საყურადღებო. მიმდინარეობს გამოკვლევები და პაციენტებთან შესაბამისი მკურნალობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, სხვა დაშავებულები არ ყოფილან. დაზიანებებზე შემიძლია, გითხრათ, რომ არის სხვადასხვა ტიპის ტრავმები და დამწვრობა“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.
თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლუბ „დეჟავუსთან“ აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ჟანგბადის ბალონმა გამოიწვია. დაშავებულები ხეჩინაშვილის, ალადაშვილისა და რესპუბლიკურ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.