„ფილადელფიას“ NBA-ის პლეი ოფის მეორე წრეში გადასასვლელად ერთი მოგება აკლია. „სიქსერზმა“ მეორე გასვლითი მატჩიც მოუგო „მაიამის“, თუმცა, ამჯერად, გაუჭირდა ამის გაკეთება.
მეორე მეოთხედის შუა ნაწილიდან მოყოლებული, “მაიამი” დიდი ხანი ლიდერობდა და კომფორტული უპირატესობაც ჰქონდა – სხვაობამ ერთხელ 12 ქულას მიაღწია. მესამე 12-წუთეულის მიწურულს, “ფილადელფიას” ჩამორჩენამ ბოლოჯერ შეადგინა ორნიშნა მაჩვენებელი – 73:83, რის შემდეგაც, სტუმრები 14:0 და 19:2 გაიქცნენ და თავად გავიდნენ წინ შვიდი ქულის სხვაობით – 92:85.
„მაიამიმ“ უფრო შორს მეტოქე აღარ გაუშვა, მაგრამ ლიდერობის დაბრუნებაც ვეღარ მოახერხა და წააგო. ახლა, სერია ფილადელფიაში დაბრუნდება და იქ “სიქსერზი” ეცდება მეორე რაუნდის საგზურის გაფორმებას.
ფილადელფიელი ბენ სიმონსი მეხუთე დებიუტანტი გახდა ისტორიაში, რომელმაც პლეი ოფში სამმაგი დუბლი შეასრულა. ბოლო ახალბედა, ვინც ეს გააკეთა მეჯიქ ჯონსონი იყო 1980 წელს – მაშინ, “ლეიკერსის” ლეგენდას 5 სამმაგი დუბლი ჰქონდა.
მაიამი-ფილადელფია 102:106
26:26, 35:30, 22:23, 19:27
მ: დრაგიჩი (20), ჯ. ჯონსონი (15+8 მოხსნა), უაიტსაიდი (13+13 მოხსნა), რიჩარდსონი (10+7 პასი+7 ჩაჭრა), ტ. ჯონსონი (0) – სასტარტო; უეიდი (25), ელინგტონი (10), უინსლოუ (7), ადებაიო (2), ოლინიკი (0).
ფ: რედიკი (24), სიმონსი (17+13 მოხსნა+10 პასი), ემბიდი (14+12 მოხსნა+5 დაფარება), შარიჩი (11+8 მოხსნა), კოვინგტონი (10) – სასტარტო; ბელინელი (10), ილიასოვა (10+8 მოხსნა), ჯონსონი (8), მაკონელი (2), ანდერსონი (0).
სერია: 1-3