ტროპიკულმა ციკლონმა ფიჯიზე წყალდიდობა გამოიწვია, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კიდევ ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, ის წყალში ჩაიძირა. ინფორმაციას, კატასტროფის ადგილობრივ ბრიგადებზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
ტროპიკული ციკლონი „ჯოზი“ პირველი კატეგორიის შტორმია, რომელმაც ფიჯის უდიდეს კუნძულზე, ვიტი ლევუზე ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივი სამაშველო სამსახურების თქმით, კუნძული სტიქიის ეპიცენტრი გახდა.
გარდაცვლილების ამოცნობა უკვე მოხერხდა. კიდევ ერთი დაკარგულის შესახებ კი მაშველები აცხადებენ, რომ მისი ცოცხლად პოვნის ალბათობა ფაქტობრივად არ არსებობს.
მათივე ცნობით, 1873 ადამიანი, რომლებიც ევაკუაციის 35 ცენტრში არიან გადანაწილებული, საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან, სანამ ტერიტორიაზე კოღოების შემოსევისგან დამცავი სამუშაოები არ ჩატარდება.