ფიფა-ს ვებგვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც იგულისხმებოდა, უკვე აღებულია
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის – ფიფა-ს ვებგვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, სადაც სავარაუდოდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც იგულისხმებოდა, უკვე აღებულია.
ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია, რომ რუსეთი 18 სახელმწიფოს ესაზღვრება.
გეოგრაფიულად რუსეთი 16 ქვეყანას ესაზღვრება, აქედან 14-თან რუსეთს აქვს სახმელეთო საზღვარი, ორთან კი (აშშ, იაპონია) საზღვაო.
აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთიც იყო ნაგულისხმევი.
ამასთან, ფიფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების ჩამონათვალი არ ახლდა.
ნაგულისხმევი იყო თუ არა 18 ქვეყანას შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, ამის გასარკვევად პირველმა არხმა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურს წერილობით მიმართა. ამავე საკითხზე ფიფას-ს წერილით რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა რიკარდ იოვზიაკმაც მიმართა. მიმართვებიდან მცირე ხანში, ფიფა-ს ოფიციალური გვერდიდან რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია აიღეს.