ფიფა-ს ვებგვერდი სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრის გახსნას გამოეხმაურა - პროგრამა „ფორვარდით“ აშენებულ მოედნებზე მომავალი ჩემპიონები გაიზრდებიან #1TVSPORT
ფიფა-ს ვებგვერდი სამტრედიაში საფეხბურთო ცენტრის გახსნას გამოეხმაურა - პროგრამა „ფორვარდით“ აშენებულ მოედნებზე მომავალი ჩემპიონები გაიზრდებიან #1TVSPORT

ფიფა-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა სათაურით – „ფიფა-ს პროგრამის მხარდაჭერით საქართველოში ახალი საფეხბურთო ცენტრი აშენდა“.

„სამტრედიაში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშის, კახა კალაძის სახელს ატარებს და პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ ფინანსური მხარდაჭერით აშენდა. სტანდარტული ზომის ორ მოედანზე საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები უფასოდ ივარჯიშებენ.

გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე. ირაკლი კობახიძის თქმით, ობიექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელიც ბავშვებს განვითარებისა და სპორტული წინსვლის საშუალებას მისცემს.

„ჩვენთვის დიდი პატივია ამ გამორჩეული საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე დასწრება, რომელიც პროგრამა „ფიფა ფორვარდის“ მხარდაჭერით აშენდა და კახა კალაძის სახელს ატარებს. ფიფა-ს პროგრამით აშენებული ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სამტრედიაში ტალანტების მოძიებაში, საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და მომავალი ჩემპიონების აღზრდაში. ჩვენ მივესალმებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივას, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების დაბანდებას გულისხმობს“, – განაცხადა ფიფა-ს ევროპული ასოციაციების განყოფილების დირექტორმა ელჰან მამადოვმა.

კახა კალაძემ 1996-2011 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 80 მატჩი ჩაატარა. მისი საკლუბო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი კიევის „დინამოში“, „მილანსა“ და „ჯენოაში“ გაგრძელდა. „მილანთან“ ერთად კალაძე ორჯერ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა“, – ვკითხულობთ ფიფა-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.