ავტოკონცერნ Fiat-ის მუშათა პროფკავშირმა გაფიცვა გამოაცხადა. მიზეზი – კომპანიის მიერ „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერისთვის გაწეული ხარჯია.
„მუშები სანამ უზარმაზარ ეკონომიურ მსხვერპლზე მიდიან, კომპანია ასობით მილიონ ევროს ხარჯავს ერთი ფეხბურთელის შესაძენად. ეს მიუღებელია. გვეუბნებიან, რომ რთული დრო დადგა და ჩვენც ახალი მოდელების გამოსვლის მოლოდინში სოციალურ მხარდაჭერას მივმართავთ. სანამ მუშები და მათი ოჯახები მაქსიმალურად ეკონომიურად ცხოვრობენ, კომპანია ერთჯერად ადამიანურ რესურსში დიდძალი თანხის ინვესტირებით არის დაკავებული. ეს სამართლიანია? ეს ნორმალურია, როცა ერთი ადამიანი მილიონს შოულობს, ათასობით ოჯახს კი თვის მეორე ნახევრამდე ფული აღარ ჰყოფნის? ჩვენ ერთი მეპატრონის დაქირავებული მუშები ვართ და მოპყრობაში ასეთი სხვაობა დაუშვებელია. Fiat-ის მუშებმა უზრუნველყვეს კომპანიის კეთილდღეობა მინიმუმ სამ თაობაზე, მაგრამ სანაცვლოდ ღარიბი ცხოვრება მიიღეს.
კომპანიამ ფული უნდა ჩადოს არა ერთი ადამიანის გამდიდრებაში, არამედ, მანქანების ახალ მოდელებში, რაც ათასობით ადამიანის მომავალს განსაზღვრავს. კომპანიამ მუშების ინტერესები უნდა დააყენოს ყველაზე მაღლა. ასე არ ხდება, რადგან მფლობელები ფეხბურთსა და გართობას ანიჭებენ უპირატესობას. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მუშათა კავშირმა გაფიცვა 15-17 ივლისს გამოაცხადა”, – წერია პროფკავშირების განცხადებაში.
კრიშტიანუ რონალდუ გუშინ, 120 მილიონ ევროდ „რეალიდან“ „იუვენტუსში“ გადავიდა.