ბრაზილიაში სან პაულუს ტრასაზე ფორმულა 1-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა ეტაპი დასრულდა. ფინიშზე პირველი “ფერარის” პილოტი სებასტიან ფეტელი მივიდა, რომელმაც სტარტზე “მერსედესის” ფინელ წევრს ვალტერი ბოტასს გაასწრო და ბოლომდე შეინარჩუნა უპირატესობა.
გერმანელმა მეტოქეს 2.7 წამით აჯობა. მესამეზე “ფერარის” მეორე პილოტი კიმი რაიკონენი გავიდა. ფეტელისთვის ეს სეზონში მეხუთე და კარიერაში 47-ე გამარჯვება იყო.
რაც შეეხება ჩემპიონატის ლიდერსა და მსოფლიოს ვადამდელ ჩემპიონს ლუის ჰემილტონს, ის დღის პილოტად აღიარეს. “მერსედესის” ბრიტანელმა წევრმა ბოლო ადგილიდან აიღო სტარტი და მეოთხე მივიდა ფინიშთან!
საერთო ჩათვლაში მეორე ადგილისთვის ბრძოლაში ფეტელმა პოზიციები განიმტკიცა: ამ მოგების შემდეგ 302 ქულა გაუხდა, ხოლო ბოტასს 280 ქულა აქვს.
ორი კვირის შემდეგ, აბუ დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ეტაპი გაიმართება.