ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება
საერთაშორისო ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე” 12 აპრილს საზეიმო გალა კონცერტით გაიხსნება.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, წლევანდელი ფესტივალი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.
მათივე ინფორმაციით, საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართველი შემსრულებლები. ცნობილი ტენორი- ქრისტიან ბენედიქტი, ცნობილი ბარიტონი ვიტორიო ვიტელი, სპეციალურად მოწვეული დირიჟორი ატილიო ტომაზელო, რომელთანაც ერთად პირველად საქართველოში ”ბაროკო მუსიკას” წარმოადგენს იანო ალიბეგაშვილი.
ტრადიციულად უწმინდესის თხოვნით, ფესტივალზე განხორციელდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის საქველმოქმედო პროექტები. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს სამი დიდი მუსიკალური კოლექტივი: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიჭიერთა ათწლედის სიმფონიური ორკესტრი და კამერული ორკესტრი საქართველოს სიმფონიეტა.
წელს ფესტივალის ფარგლებში მუსიკოსს დათო ევგენიძის საიუბილეო საღამოებიც გაიმართება.
ფესტივალი, რომელიც ტრადიციულად აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის კვირაში იწყება წელს მეცამეტედ ტარდება 17 მაისამდე გაგრძელდება და ამაღლების დღესასწაულზე დასრულდება.