ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, 12 სექტემბერს ანსამბლ „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალ „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, 12 სექტემბერს ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის „რუსთავის“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
ანსამბლი „რუსთავი“ 50 წლისაა. დაარსების დღიდან ჩატარებული აქვს 5000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში. გამოდიოდა ისეთ პრესტიჟულ დარბაზებში, როგორიცაა ლონდონის „როიალ ალბერტ ჰოლი“, „ქვინ ელიზაბეთ ჰოლი“, პარიზის „ოლიმპია“, ნიუ-იორკის „კარნეგი ჰოლი“, ამსტერდამის კონცერტხებაუს დარბაზი და სხვა.
ანსამბლი, 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად დააარსა. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა.
ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები.
ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.