ფესტივალ „ღამის სერენადების”ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს
ფესტივალ „ღამის სერენადების”ორგანიზატორებმა პირველი პრესკონფერენცია გამართეს და 2018 წლის მუსიკალური პროგრამის შესახებ ისაუბრეს.
საიუბილეო ფესტივალი ბათუმში უცხოელ და ქართველ მუსიკოსებს უმასპინძლებს. მათ შორის ალექსანდრე კორსანტიას, მევიოლინე გია იაშვილს, მევიოლინე გეზა ჰოსზუს და კამერულ ორკესტრს, „საქართველოს ვირტუოზები“.
პრესკონფერენციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი და მევიოლინე გია იაშვილი დაესწრნენ.
სამხატვრო ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ტრადიციულად, ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანი იქნება.
წელს ფესტივალი 26 აგვისტოს გაიხსნება ფილმით „მუსიკალური სამკუთხედი” და შესრულდება მოცარტის „ღამის სერენადები”. ფილმი ასახავს ფესტივალის მრავალწლიან ისტორიას აფხაზეთში დაარსებიდან დღემდე.
ფესტივალი ოთხ სექტემბერს დასრულდება.