ფესტივალ DataFest Tbilisi-ს „გუგლის“, „ფეისბუქის“, „ამაზონისა“ და სხვა კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან
7-9 ნოემბერს თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi გაიმართება.
DataFest Tbilisi-ზე ჩამოდიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა Google Cloud, Facebook, Amazon, Zalando და 30 სხვა. მონაცემებისა და კომუნიკაციების თემაზე ამ მასშტაბის ღონისძიება კავკასიის რეგიონში აქამდე არ ჩატარებულა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, DataFest Tbilisi-ს სხვადასხვა ქვეყნიდან 500 მონაწილე ეყოლება: ჟურნალისტები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების აქტივისტები, მარკეტინგის სპეციალისტები, ბიზნესმენები, მთავრობის წარმომადგენლები, მონაცემთა ანალიტიკოსები, ვებ-დეველოპერები, დიზაინერები და ა.შ. ღონისძიება უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების საშუალებას – მონაწილეები პირველ დღეს ინდუსტრიის ლიდერებისგან ინსპირაციულ გამოსვლებს მოისმენენ, მეორე დღეს ამავე ექსპერტებისგან თემატურ სემინარებზე უფრო სიღრმისეულად შეისწავლიან მათთვის საინტერესო საკითხებს და მესამე დღეს datathon-ებზე უკვე პრაქტიკაში გაატარებენ იმ ცოდნას, რაც პირველი ორი დღის განმავლობაში დააგროვეს.
წლევანდელი ფესტივალი 6 თემას მოიცავს: მონაცემების კომუნიკაციაში დიზაინის გამოყენება, მონაცემთა ჟურნალისტიკა, ფინანსური მონაცემები და ტექნოლოგიები, მონაცემებისგ ამოყენება პოლიტიკასა და მმართველობაში, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება, მონაცემების გამოყენება ბიზნესსა და მარკეტინგში.