ფერნანდო კასერესი - რონალდინიოს დამტვრევაში 3 000 ევრო შემომთავაზეს
ესპანური „სელტას“ ყოფილი მცველი ფერნანდო კასერესი რონალდინიოსთან დაკავშირებულ საინტერესო ამბავს იხსენებს.
„მაშინ ვიგოში ვხვდებოდით „ბარსელონას“. როცა რონალდინიო შეეცადა, პირველად შეხებოდა ბურთს, მე მას უკნიდან ფეხი მივარტყი და წავაქციე. რომ წამოვაყენე, ვუთხარი, რომ მის დამტვრევაში 500 000 პესეტა შემომთავაზეს. მან თვალებში შემომხედა და მითხრა: „თუ დამიჭერ…“. მე მისი დაჭერა აღარ მიცდია, რადგან შეშინებული ვიყავი, ის კი გაბრაზებული“, – მოჰყავს კასერესის სიტყვები გამოცემას „სოკერ ლადუმა“.
ფერნანდო კასერესი არგენტინელი ფეხბურთელი იყო, რომელიც სხვადასხვა წლებში „რივერ პლეიტის“, „სარაგოსას“, „ბოკა ხუნიორსის“, „ვალენსიას“, „სელტასა“ და სხვა გუნდების ღირსებას იცავდა. პროფესიული კარიერა მან 2007 წელს, 38 წლის ასაკში დაასრულა.