ფერმერთა სხვადასხვა გაერთიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მიმართავს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭიროა ფერმერებისთვის გარკვეული გამონაკლისების დაშვება და მათი პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური ცხელი ხაზის ამოქმედება.
„კარგად გვესმის, რომ კორონავირუსის პანდემია საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას, რომელიც ნომერ პირველი პრიორიტეტია ყველა ჩვენგანისთვის. ასევე, ვაფასებთ იმ ძალისხმევას რაც საქართველოს მთავრობამ გასწია, რათა ვირუსის გავრცელების დაბალი მაჩვენებელი გვქონოდა ქვეყანაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის გაჩერებამ შეიძლება, მიგვიყვანოს მეორე საფრთხის წინაშე – რასაც სურსათის დეფიციტი და სიღარიბის ზრდა ჰქვია.
მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობას გააჩნია გარკვეული ვადები, მათ შორის კი საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, რათა ქვეყანაში გარკვეული რაოდენობის აგრარული კულტურების წარმოება მოხდეს. ეს პერიოდი ახლა დგას და ორ-სამ კვირაში დასრულდება. ამიტომ, ფერმერებისათვის თითოეულ დღეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭომ, 21 აპრილს გამოაცხადა, რომ ავტომანქანებით გადაადგილების შეზღუდვა გახანგრძლივდა 27 აპრილის ჩათვლით. 22 აპრილს კიმ გამოცხადდა, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის მოქალაქეებს გარკვეულ საათებში ავტომობილით გადაადგილების საშუალება ექნებათ. კონკრეტულად კი, ფერმერებს საშუალება აქვთ, გადაადგილდნენ 06:00 საათიდან 08:00 საათამდე შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში. მოხარულები ვართ ფერმერებისთვის ასეთი გამონაკლისის დაშვებით, თუმცა ფერმერების წინაშე ჯერ კიდევ დგას რამდენიმე მწვავე გამოწვევა, რას საჭიროებს დროულ რეაგირებას. მათ შორის აღსანიშნავია საშვის აღების საკითხი და აგროსაშუალებებსა და სერვისებზე წვდომა გადაადგილების შეზღუდვების პირობებში. კერძოდ:
- ავტომანქანით ფერმერისა და მუშახელის გადაადგილებისთვის საშვების გაცემა არის უკიდურესად გართულებული.
- ავტომანქანით გადაადგილების დრო (06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში) და აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მომსახურების საათები არ ემთხვევა ერთმანეთს.
- შორ დისტანციაზე გადაადგილება ვისაც უწევს, მისთვის დილით ორი საათი და საღამოს ერთი საათი არ არის საკმარისი, რომ წავიდეს ფერმაზე, ჩაატაროს აგროღონისძიებები და დაბრუნდეს უკან სახლში.
ჩვენი აზრით, ამ პრობლემის სწრაფად მოგვარება შესაძლებელია, მოხდეს შემდეგი ღონისძიებების გატარებით:
- ფერმერებისათვის სპეციალური ეფექტური ცხელი ხაზის შეთავაზებით, რომელიც სწრაფად უზრუნველყოფს გადაადგილების ნებართვის გაცემას (ყოველგვარი რამდენიმედღიანი ლოდინის გარეშე). ეს შეიძლება მიბმული იყოს სოფლის რწმუნებულებზე (ქალაქში ქალაქის მერის თანამშრომლებზე, რათა სრულად დაიფაროს რეგიონებში არსებული ყველა დასახლება), რომლებიც ელექტრონულ საშვთა ბაზას აწარმოებენ და ერთიან ბაზაში გადაუგზავნიან საპატრულო პოლიციას და სხვა შესაბამის უწყებებს ავტომანქანისა და მისი მგზავრების შესახებ ინფორმაციას. ასევე, იმ ოთხ დიდ ქალაქში, სადაც შესვლა-გასვლა შეზღუდულია, ფერმერებისთვის რომლებსაც უწევთ ამ ქალაქებში გადაადგილება, დაჩქარებული წესით მოხდეს მათზე საშვების გაცემა.
- ავტომანქანით გადაადგილების დრო რამდენიმე საათით გახანგრძლივდეს დილითაც და საღამოსაც, ისე რომ, ეს ემთხვეოდეს აგროსაშუალებების მაღაზიისა და მექანიზაციის ცენტრების მუშაობის საათებს გარკვეული დროით მაინც, რათა ფერმერებმა არა მარტო საკუთარ ფერმამდე/მიწამდე მისვლა შეძლონ, არამედ ჰქონდეთ საშუალება, რომ რეალურად აწარმოონ აგროსამუშაოები.
სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, რომ ფერმერებისთვის დაწესებული შეზღუდვები შერბილდეს, რათა მათ შეძლონ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი აგროსასურსათო პროდუქტების წარმოება და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარკვეულწილად უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე; საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი; რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის (საქრძე) აღმასრულებელი დირექტორი კახა კონიაშვილი; საოჯახო მეფრინველეობის განვითარების ცენტრის დირექტორი ბელა სონღულაშვილი; მომავლის ფერმერის თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი; ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი არჯევანიძე; საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე თენგიზ სვანიძე; ორგანული აქვაკულტურის განვითარების ასოციაცია „ფორეჯიდან“ ალეკო ბაღდაძე; ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარე ირინე ფხოველიშვილი; ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა; საქართველოს დეკორატიული და ტყის შემქნელი ენდემური სახეობების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ხარხელაური.