ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალების საქმეზე, ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის მოადგილე დაიკითხა
ფეხბურთის მსაჯის გარდაცვალების საქმეზე, ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის მოადგილე დაიკითხა

ფეხბურთის მსაჯის ილო ტუღუშის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხაიძე შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარ სამმართველოში 11 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც ჩხაიძემ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან გაუთქმელობის პირობას მოაწერა ხელი და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვების შინაარსზე ვერ ისაუბრებდა.

„ხელი მოვაწერე გაუთქმელობის პირობას. იყო დამატებითი კითხვები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კითხვების შინაარსზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა გამოძიებას ე.წ. გაყიდულ თამაშებთან დაკავშირებით კითხვები, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ასეთი კითხვები არ ყოფილა.

რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მიერ დასახელებულ ორ პირს, ჩხაიძის ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

მალთაყვაში, ზღვის პირას მდებარე ნაძვნარში, ფეხბურთის მსაჯი ილო ტუღუში გარდაცვლილი 7 დეკემბერს იპოვეს. ილო ტუღუში მსაჯობდა, როგორც ეროვნულ მატჩებზე, ასევე მთავარ ლიგაში. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.