ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი პანკისშიც აღადგინა
ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი პანკისშიც აღადგინა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყნის რეგიონებში, სოფელ-სოფელ ფეხბურთის პოპულარიზაციისა და მასობრიობის კამპანიას აგრძელებს

ამჯერად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები – პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე-პრეზიდენტები, ნიკა ჯღარკავა და ალექსანდრე იაშვილი და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები პანკისს, სოფელ საკობიანოს ესტუმრნენ.

მათ სოფელს საჩუქრად გადასცეს საფეხბურთო ინვენტარი, ბურთები, ბადეები, დამატებითი კარები, სათადარიგოთა სკამები, ძელები შეღებეს, ტაბლო გააკეთეს, მოედანი დაასუფთავეს და დახაზეს. ბოლოს სფფ-ს ნაკრებმა სოფლის გუნდთან ამხანაგურად ითამაშა.

აქამდე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სფფ-მ 3 სოფლის სტადიონი აღადგინა: იმერეთში (ხარაგოულის რაიონის ბორითში), სამეგრელოში – აბაშის რაიონის ტყვირში, ხოლო გურიაში – ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში.

სფფ-ს ცნობით, თითოეულ ამ სოფელში აღდგენილ სტადიონს ადგილობვრივი დაინტერესებული პიროვნება მეთვალყურეობს და უვლის, რომ იყოს მოვლილი, დაცული და სხვა დანიშნულებით არ გამოიყენონ.

ეს კომპანია მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფეხბურთის პოპულარიზაციისა და მასობრიობას, არამედ, სტადიონების შენარჩუნებასაც, რადგან ბოლო წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი სტადიონი გასხვისდა, გავერანდა და დაიკარგა.