ფეხბურთის ფედერაცია, UNFPA და „ლოკომოტივი" მემორანდუმს გააფორმებენ
ფეხბურთის ფედერაცია, UNFPA და „ლოკომოტივი" მემორანდუმს გააფორმებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” და გაერო-ს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) ხვალ, 12:00 საათზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.

მემორანდუმზე ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულე და თბილისის “ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: გენდერული თანასწორობის მისაღწევად მამაკაცების ჩართულობის გაზრდასა და გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ფეხბურთის ფედერაციისა და „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით „მამების თასი“ გაიმართა, ხოლო 2018 წლის მაისში ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდები შეუერთდნენ კამპანიას “კაცები ზრუნავენ“, რომელიც UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის ერთობლივი პროგრამაა და შვედეთის ფინანანსური ხელშეწყობით ხორციელდება.