ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრები და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ღირსების ორდენზე ნაკრების 53 წარმომადგენელი 27 მარტს წარადგინეს, თუმცა 15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, წარდგენილთაგან 19 არ ჯილდოვდებოდა.
დღეს კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტი ღირსების ორდენებსა და მედლებს გადასცემს.
ამასთან, დღესვე მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღირსების ორდენზე წარდგენილნი არიან ის ფეხბურთელებიც, რომლებიც არ იყვნენ საკვალიფიკაციო მატჩების განაცხადში, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის განაცხადში მოხვდნენ.