ფეხბურთი | ყველაზე სავარაუდო ტრანსფერების ხუთეული
ფეხბურთი | ყველაზე სავარაუდო ტრანსფერების ხუთეული

ფეხბურთში მოვლენები თვალის დახამხამებაში ვითარდება. ცნობილი საფეხბურთო საიტი footballwhispers.com იმ სავარაუდო ტრანსფერების ხუთეულს აქვეყნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.

სესკ ფაბრეგასი – მილანში

მას შემდეგ, რაც „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელად მაურიციო სარი დაინიშნა, ესპანელი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება. ამიტომ, როგორც იტალიურ პრესაში ვარაუდობენ, ფაბრეგასს გუნდის დატოვება სურს. ესპანელის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა, სრულებით არ არის გამორიცხული, რომ „არისტოკრატების“ რიგები მან უკვე იანვარში დატოვოს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური „მილანია“ მისით დაინტერესებული და „ჩელსი“ შეთავაზებას მომავალი წლის დასაწყისშივე მიიღებს. იტალიელებს იმედი აქვთ, რომ ლონდონური კლუბის მესვეურებს ადვილად დაიყოლიებენ, რადგან ასეთი კარგი ფეხბურთელის უფასოდ გაშვება არავის სურს.

მილან სკრინიარი – მანჩესტერ იუნაიტედში

იტალიური „კალჩომერკატოს“ (calciomercato) აზრით, თუ სკრინიარი მილანის „ინტერიდან“ სადმე წავა, ეს მხოლოდ „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება. მიუხედავად ამისა, მილანური კლუბის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ინგლისურ კლუბში ჟოზე მოურინიოს ბუნდოვანი მომავალი ამ ტრანსფერზე უარყოფითად იმოქმედებს და სლოვაკი „ინტერთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელებს ყველა ფორმალობა მოგვარებული აქვთ, თუმცა სლოვაკი, როგორც ჩანს, იანვარსა და მანჩესტერული კლუბის შეთავაზებას ელის.

ტანგი ნდომბელე – მანჩესტერ სიტიში

პეპ გვარდიოლას გუნდი ფრანგ ნახევარმცველს ისევ ყურადღებით აკვირდება და, როგორც ირკვევა, სკაუტებიც გააგზავნა საფრანგეთში მისი თამაშის სანახავად. კაცმა რომ თქვას, სიტის მესვეურებმა ნდომბელე საქმეში უკვე ნახეს, როდესაც ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, მისმა „ლიონმა“ მანჩესტერული გუნდი სტუმრად 2-1 დაამარცხა. ფრანგი ჟურნალისტების თქმით, მანჩესტერელი სკაუტები მართლაც დაესწრნენ „ლიონისა“ და „ნიცის“ მატჩს, სადაც, ნდომბელეს გარდა, „ნიცაში“ მოთამაშე უილან სიპრიენსაც აკვირდებოდნენ.

აარონ რემზი – იუვენტუსში

„იუვენტუსს“ ძალიან უყვარს უფასო ტრანსფერები და, როგორც მოსალოდნელია, მომავალ წელს ტურინული კლუბი აარონ რემზის დაიმატებს. უკვე ცნობილია, რომ უელსელს „არსენალთან“ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ლონდონურ კლუბთან ახალი შეთანხმების გაფორმებაც რამდენიმე დღის წინ ჩაიშალა.

ეკტორ ერერა – არსენალში

თუ რემზი მართლაც წავიდა, „არსენალი“ თავადაც გამოჰკრავს ხელს ერთ უფასო ტრანსფერს: პორტუგალიურმა გამოცემა „კორეიო და მანიამ“ (Correio da Manha) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი პორტუს მექსიკელ ლეგიონერ ეკტორ ერერას აკვირდება. 28 წლის ნახევარმცველს, რემზის მსგავსად, მომავალ ზაფხულს ეწურება კონტრაქტი და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ შეთანხმებას მოაწეროს ხელი, რადგან მსურველი კლუბების საკმაოდ გრძელი რიგი უდგას.