
ევროპაში დაიხურა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა. ბოლო დღეს გუნდებმა მოასწრეს რამდენიმე საინტერესო გარიგების დადება…
პიერ-ემერიკ ობამეიანგი (არსენალი–ბარსელონა, თავისუფალი აგენტი)
ამ სეზონში „არსენალის“ მთავარი იმედგაცრუება – „ბარსელონას“ იმედი უნდა გახდეს. ობამეიანგი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, სამაგიეროდ, სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება.
დონი ვან დე ბეეკი (მანჩესტერ იუნაიტედი–ევერტონი, იჯარა)
დელე ალი (ტოტენჰემი–ევერტონი, 12 მლნ ევრო)
ფრენკ ლემპარდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, „ევერტონი“ გააქტიურდა სატრანსფერო ბაზარზე. მერსისაიდულმა კლუბმა იზრუნა მოედნის ცენტრის გაძლიერებისთვის: იჯარით აიყვანა დონი ვან დე ბეეკი „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ და გაიფორმა დელე ალი „ტოტენჰემიდან“. როგორც ამბობენ, ორივე ტრანსფერი ლემპარდის მოთხოვნა იყო.
დეიან კულუსევსკი (იუვენტუსი–ტოტენჰემი, იჯარა)
როდროგი ბენტანკური (იუვენტუსი–ტოტენჰემი, 25 მლნ ევრო)
ორივე გარიგების უკან დგას „იუვენტუსის“ ყოფილი მენეჯერი ფაბიო პარატიჩი: 2021 წლის ივნისში ის „ტოტენჰემის“ მმართველი დირექტორი გახდა, მანამდე კი ტურინისთვის შეიძინა კულუსევსკი და ბენტანკური. ეს წყვილი უნდა დაეხმაროს ანტონიო კონტეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაში.
კრისტიან ერიქსენი (ინტერი–ბრენტფორდი, თავისუფალი აგენტი)
კრისტიან ერიქსენი „ინტერიდან“ წასვლისა და გულის პრობლემების შემდეგ (იტალიაში მას არ შეეძლო კარდიოვერტერ-დეფიბლირატორით თამაში) „აიაქსში“ ვარჯიშობდა, მაგრამ „ბრენტფორდში“ აღმოჩნდა. აქ ის შეეცდება ევრო 2020-ზე მომხდარი საშინელი ისტორიის შემდეგ დაბრუნებას.
აარონ რემზი (იუვენტუსი–რეინჯერსი, იჯარა)
უელსელს, რომელიც „იუვენტუსმა“ თავისუფალ აგენტად აიყვანა „არსენალიდან“, იტალიური კარიერა არ გამოუვიდა. საბოლოოდ, 31 წლის რემზი სეზონის ბოლომდე იჯარით შოტლანდიის ჩემპიონის რიგებში ითამაშებს.
ტანგი ნდომბელე (ტოტენჰემი–ლიონი, იჯარა)
ჯოვანი ლო სელსო (ტოტენჰემი–ვილიარეალი, იჯარა)
ბრაიან ხილი (ტოტენჰემი–ვალენსია, იჯარა)
„ტოტენჰემმა“ მოიშორა ის ფეხბურთელები, რომლებიც ანტონიო კონტეს არ გამოადგნენ – ყველანი საზღვარგარეთ იჯარით წავიდნენ.
დენის ზაკარია (გლადბახი-იუვენტუსი, 8 მლნ ევრო)
შვეიცარიის ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით უწევდა „გლადბახის“ დატოვება, ამიტომაც ის „იუვენტუსს“ მიჰყიდეს, ოღონდ სასაცილო ფასად – რვა მილიონ ევროდ.
ვოუტ ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი-ბარნლი, 12 მლნ ფუნტი)
კრის ვუდის „ნიუკასლში“ წასვლის შემდეგ, „ბარნლის“ აუცილებლად სჭირდებოდა კარგი ფორვარდი. ვეგჰორსტი „ვოლფსბურგის“ საუკეთესო ბომბარდირია და „ბარნლისთვის“ რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, კარგი შენაძენია. ნიდერლანდელმა გერმანულ კლუბში 59 გოლი გაიტანა. კონტრაქტი სამწლინახევრიანი იქნება.
რომენ ფევრი (ბრესტი-ლიონი, 17 მლნ ევრო)
„ბრესტის“ ნახევარმცველს ზაფხულში ძალიან უნდოდა „მილანში“ გადასვლა, მაგრამ „ლიონში“ აღმოჩნდა.
მეტ ტარგეტი (ასტონ ვილა-ნიუკასლი, იჯარა)
ლუკა დინის ბირმინგემში ჩასვლის შემდეგ, მარცხენა მცველმა დაკარგა ადგილი „ვილას“ სასტარტოში, ამიტომაც გადაწყვიტა „ნიუკასლში“ გადასვლა – იქ მას უფრო მეტი სათამაშო დრო ექნება.
გორან პანდევი (ჯენოა-პარმა, უცნობია)
გორან პანდევი სერია B-ში ჯანლუიჯი ბუფონთან გაემგზავრა „პარმას“ გადასარჩენად.
ნეტ ფილიპსი (ლივერპული–ბორნმუთი, იჯარა)
„ლივერპულის“ როტაციის მეტად საჭირო მოთამაშე „ბორნმუთში“ წავიდა. შარშან ის სასარგებლო იყო, მაგრამ ძალიან მოაკლდა სათამაშო დრო ვან დეიკისა და მატიპის დაბრუნების შემდეგ. ჩემპიონშიფში მას მეტი შესაძლებლობა ექნება.
დენიზ უნდავი (უნიონი-ბრაიტონი, 7 მლნ ევრო)
ბელგიის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი (17 გოლი 25 მატჩში) ინგლისში გადავიდა. გასულ წელს ის „უნიონთან“ ერთად გადავიდა უმაღლეს დივიზიონში და მეოთხე ადგილზე გავიდა ბელგიის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში.
ბრუნო გიმარაეში (ლიონი-ნიუკასლი, 42,1 მლნ ევრო)
სერიოზულ თანხად სერიოზული შენაძენი „ნიუკასლისთვის“. ბრუნო სტაბილურად კარგად თამაშობს ამ სეზონში – ეხმარებოდა გუნდს დაცვაში და გრძელი პასებით ავითარებდა შეტევებს. ასეთი მოთამაშით „ნიუკასლმა“ აშკარად უნდა მოუმატოს.
რეინილდუ (ლილი-ატლეტიკო, 3 მლნ ევრო)
„ლილის“ მარცხენა მცველი საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში მხოლოდ სამი წელია თამაშობს, ძირითადის ფეხბურთელი კი გასულ წელს გახდა, როცა გუნდმა ჩემპიონობა მოიპოვა. ის 28 წლისაა და მოზამბიკის ნაკრებში გამოდის.