„ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამები სიძულვილის შემცველი სიმბოლოს გამო წაშალა
„ფეისბუქმა“ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო რეკლამები სიძულვილის შემცველი სიმბოლოს გამო წაშალა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, რეკლამებზე გამოსახული იყო ამოტრიალებული წითელი სამკუთხედი, რომელსაც ნაცისტები პოლიტიკური პატიმრების ამოსაცნობად იყენებდნენ, სარეკლამო ტექსტი კი „ფეისბუქის“ მომხმარებლებს ანტიფაშისტური მოძრაობის, „ანტიფას“ წინააღმდეგ პეტიციაზე ხელისმოწერას სთხოვდა.
„ჩვენი წესები კრძალავს სიძულვილის შემცველი იმ სიმბოლოების კონტექსტის გარეშე გამოყენებას, რომელსაც სიძულვილის ჯგუფები პოლიტიკური პატიმრების იდენტიფიცირების მიზნით იყენებდნენ“,- განაცხადა „ფეისბუქის“ სპიკერმა.
სიმბოლო ფიგურირებდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ასევე ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისა და ტრამპის მხარდამჭერთა ჯგუფის ფეისბუქგვერდების მიერ გავრცელებულ რეკლამებში.