ფედერიკა მოგერინი - სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტების მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტების მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. როგორც სააგენტო Associated Press-ი წერს, ეს განცხადება მოგერინიმ კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ევროკომისრის თქმით, მხარეებმა მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართეს, თუმცა პრობლემები რჩება. ფედერიკა მოგერინი იმედოვნებს, რომ ორი ლიდერი დისკუსიას გააგრძელებს და უახლოეს თვეებში საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ.
მოგერინის თქმით, მისი შუამავლობით მორიგი მოლაპარაკებები ბრიუსელში მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.
დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის შუამავლობით სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტების შეხვედრა იყო დაგეგმილი, თუმცა სერბეთის ლიდერმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ვუჩიჩმა და ტაჩიმ მოლაპრაკებები ფედერიკა მოგერინისთან ცალ-ცალკე გამართეს.
მოგვიანებით, კოსოვოს პრეზიდენტმა, ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ სერბეთთან მოლაპარაკებები სულ უფრო რთულდება, რადგან მხარეებს შორის უთანხმოება უფრო ღრმავდება.
არსებული ინფორმაციით, სერბეთისა და კოსოვოს პრეზიდენტების მოლაპარაკებებზე ტერიტორიების შესაძლო გაცვლის საკითხი უნდა განხილულიყო.