მჯერა, მნიშვნელოვანი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ევროკავშირის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიციის დასადასტურებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს ნოემბერში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ შესრულებულ სამუშაოზე.
როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, 15 ოქტომბერს დაგეგმილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრთან მინისტრების დონეზე შეხვედრა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს წევრთან მინისტრების დონეზე შეხვედრა 15 ოქტომბერს გვექნება. დღეს იყო მნიშვნელოვანი მომენტი, რომ გვესაუბრა, ნოემბერში გამართული სამიტის შემდეგ შესრულებულ სამუშაოზე და მინისტერიალისთვის სამზადისზე. ჩვენ ვხედავთ მკაფიო პროგრესს ურთიერთობებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე წევრთან. ერთი კვირის წინ გვქონდა კარგი სამიტი უკრაინასთან, გვქონდა პარტნიორობის საბჭოს პირველი სხდომა ივნისის ბოლოს, გასულ კვირას მე მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი ახალ პრემიერ-მინისტრს. აზერბაიჯანთან ასევე გასულ კვირას ჩვენი პარტნიორობის პრიორიტეტები დავსახეთ. ჩვენთვის მოლდოვაში განვითარებული ბოლო მოვლენები შემაშფოთებელია, თუმცა ბოლო დროს იმედის მომცემი ნაბიჯები ჩანს. ჩვენ თითოეულ პარტნიორთან ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ 20 კონკრეტული პროექტის განვითარებისთვის მიღებული გადაწყვეტილებების განსახორციელებლად. მჯერა, რომ დღეს მნიშვნელოვანი დღეა აღმოსავლეთ პარტნიორების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით ევროკავშირი მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიციის დასადასტურებლად“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
როგორც მინისტერილიას დაწყებამდე, ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა განაცხადა, როდესაც ჰელსინკიში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა იმართება, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორების წევრებისადმი, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერა დაადასტუროს.