ფედერიკა მოგერინი მიგრაციის პრობლემის მოგვარებისთვის, ევროკავშირის ლიდერებს სამ შეთავაზებას წარუდგენს
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე სამ შეთავაზებას წარუდგენს.
როგორც ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, ის წევრ ქვეყნებს აფრიკის ქვეყნების ფინანსური მხარდაჭერის გაზრდას, ლიბიის სანაპირო სამსახურთან თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მიგრანტების განთავსების ცენტრების შექმნას სთავაზობს. ამავე დროს, ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საუბარი მიგრაციულ კრიზისზე გადაჭარბებულია და პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან გასულ წელთან შედარებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 80%-ით შემცირებულია.
აღნიშნული განცხადება მოგერინიმ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე გააკეთა. ევროკომისრის თქმით, მიგრანტების განთავსების ცენტრები უნდა შეიქმნას საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების სრული დაცვით.
ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირის სამიტზე, განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა მიგრაციის გარდა, უსაფრთხოება და თავდაცვა იქნება. აღნიშნულ საკითხში მოლაპარაკებებში ნატო-ს გენერალური მდივანიც ჩაერთვება. იენს სტოლტენბერგთან ევროკავშირის ლიდერები ნატო-ს სამიტისთვის მზადების საკითხზე ისაუბრებენ.
ევროკავშირის ლიდერები სამიტზე აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობებსაც განიხილავენ.