ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციას ისახავს მიზნად
სირიაზე სარაკეტო იერიშზე ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი განცხადებას ავრცელებს.
მოგერინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიაში ქიმიური იარაღის ობიექტებზე აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაიერიშების შესახებ ევროკავშირი ინფორმირებული იყო. მისი თქმით, სპეციფიკური ზომების მიღების ერთადერთი მიზანი სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის დასახოცად ქიმიური იარაღის გამოყენების აღკვეთა იყო.
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას, რაც დადასტურებულია ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისა და გაერო-ს ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმით, რის შესახებაც მუდმივად ხდებოდა ინფორმირება ბოლო თვეების განმავლობაში აღმოსავლეთ ღუტასა და სირიის სხვა ტერიტორიებზე. მათ შორის უახლესი ანგარიშები დუმაში გამანადგურებელი ქიმიური თავდასხმის შესახებ.
სირიაში ქიმიური იარაღის ობიექტებზე აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ავიაიერიშების შესახებ ევროკავშირი ინფორმირებული იყო. ეს სპეციფიკური ზომები მიიღეს ერთადერთი მიზნით, რომ სირიის რეჟიმის მიერ საკუთარი ხალხის დასახოცად ქიმიური იარაღის გამოყენება აღკვეთილიყო.
ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ქიმიური იარაღის გამოყენების პრევენციას.
შოკისმომგვრელია, რომ საერთაშორისო საზოგადოება კვლავ ქიმიური იარაღის გამოყენების წინაშეა, როგორც ამას ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ფაქტების მოძიების მისია ადასტურებს.
ანგარიშვალდებულება აუცილებელია. ქიმიური იარაღის ან ქიმიური ნივთიერებების, როგორც იარაღის გამოყენება, სამხედრო დანაშაული და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. დამნაშავეები საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევისთვის პასუხისგებაში მიეცემიან“, – აღნიშნულია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ერთობლივი საგამოძიებო მექანიზმების მანდატი, რომელიც ქიმიურ თავდასხმებში დამნაშავეთა გამოსავლენად გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2235 რეზოლუციით შეიქმნა, 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ განახლებულა.
გარდა ამისა, მოგერინის აზრით, ძალიან სამწუხაროა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ ამ დრომდე ვერ შეძლო მტკიცე რეზოლუციის მიღება, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღით თავდასხმაში დამნაშავეთა პასუხისგების უზრუნველსაყოფად გამოძიების დამოუკიდებელ მექანიზმებს განაახლებდა.
„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა ქვეყანას, კერძოდ კი, რუსეთსა და ირანს, გამოიყენონ გავლენა, რათა აღკვეთონ ქიმიური იარაღის შემდგომი გამოყენება, კერძოდ, სირიის რეჟიმის მიერ და მხარი დაუჭირონ ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ მოქმედ საერთაშორისო პარტნიორობას.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სირიის კონფლიქტის გადასაჭრელად პოლიტიკურის გარდა, სხვა საშუალება არ არის. ევროკავშირი მოუწოდებს კონფლიქტის ყველა მხარეს, განსაკუთრებით რეჟიმსა და მის მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და უზრუნველყონ ჰუმანიტარული წვდომა და სამედიცინო ევაკუაცია, როგორც ამას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2401 რეზოლუცია ითვალისწინებს” – აღნიშნულია მოგერინის განცხადებაში
შეგახსენებთ, სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა რამდენიმე საათის წინ სირიაზე დარტყმები განახორციელეს.