ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გატარებულ რეფორმებს
ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გატარებულ რეფორმებს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმებს და თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.
“განვიხილეთ, რომ საქართველოში უნდა იყოს შექმნილი ყველანაირი პირობა თავისუფალი მედიისთვის. დაცული უნდა იყოს კანონის უზენაესობა. ევროკავშირი განაგრძობს თქვენ მხარდაჭერას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენ გვყავს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიის საკითხებში და ესეც ამის დასტურია. ასევე მხარს ვუჭერთ ჟენევის მოლაპარაკებებს და გვყავს ევროკავშირის მონიტორინგის მისია. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან ერთად უნდა გაღრმავდეს ჩართულობა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმდინარე პროცესებში, მათ შორის საქართველოს იმ მოქალაქეების, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ”, – განაცხადა მოგერინიმ.