ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორებთან
ფედერიკა მოგერინი - ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორებთან

ევროკავშირი გააგრძელებს ურთიერთობების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორებთან, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ლუქსემბურგში მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობის ხუთი მთავარი პრინციპი განიხილა და კვლავ ძალაში დატოვა ისინი.

„დღეს წევრ სახელმწიფოებთან ერთად დავადასტურეთ, რომ ორი წლის წინ შემუშავებული რუსეთთან ურთიერთობების ხუთი პრინციპი კვლავ ძალაში რჩება. ვნახავთ, რისი გაკეთება შეგვიძლია განსხვავებულად ან დამატებით ამ პრინციპებთან დაკავშირებით. ამ ხუთი პრინციპიდან პირველი არის ის, რომ მინსკის შეთანხმებების სრული შესრულება რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შეცვლის მთავარ ელემენტად რჩება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნორმანდიული ფორმატის მუშაობას. განვიხილავთ, ამ მხრივ ევროკავშირის რისი გაკეთება შეუძლია დამატებით მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობების გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორებთან და სხვა მეზობლებთან, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებული სამიტის შემდეგ, გავაღრმავებთ თანამშრომლობას საერთო ინტერესის სფეროებში. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი მეგობრობა და პარტნიორობა აღმოსავლელ პარტნიორებთან არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, ის ყოველთვის თანამშრომლობაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ამავე დროს, მოგერინიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების.

ფედერიკა მოგერინის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში მთავარი გამოწვევებია უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებები, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია, სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევა, კიბერაქტივობები, ასევე ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა რუსეთში.

რუსეთთან ურთიერთობების ხუთი პრინციპი ევროკავშირმა 2016 წლის მარტში შეათანხმა. ესენია – მინსკის შეთანხმებების სრული განხორციელება; უფრო მჭიდრო კავშირები რუსეთის პოსტსაბჭოთა მეზობლებთან; რუსეთის საფრთხეების წინააღმდეგ ევროკავშირის წინააღმდეგობის გაძლიერება; რუსეთთან შერჩევითი ურთიერთობა ზოგიერთ საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერა.