ფედერიკა მოგერინი - სასიამოვნოა საქართველოს მთავრობასთან მუშაობა, ვხედავ მუშაობას რეფორმებზე, რაშიც გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა
საქართველო არის ფასდაუდებელი და ერთგული პარტნიორი ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მოგერინიმ აღნიშნა, შედგა ხანგრძლივი და პოზიტიური შეხვედრა, სადაც თანამშრომლობასა და პარტნიორობაზე გაიმართა მსჯელობა.
“როგორც ყოველთვის, ჩვენ გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და პოზიტიური შეხვედრა. ძალიან წარმატებული აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შემდეგ, ჩვენ ვიმსჯელეთ ჩვენ შესანიშნავ თანამშრომლობაზე და პარტნიორობაზე. ჩვენმა მეგობრობამ ძალიან დადებითი ნაყოფი გამოიღო. ამას კარგად ვხედავთ ვიზალიბერალიზაციითაც. მახსოვს, შარშან აქ ვიდექით და ვმსჯელობდით ვიზალიბერალიზაციაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს მოქალქეებს შორის ურთიერთობები ღრმავდება. მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირი მზადაა, სრულად გამოიყენოს ჩვენი მეგობრობის პოტენციალი. ჩემთვის სასიამოვნოა საქართველოს მთავრობასთან ერთად მუშაობა. მე ვხედავ თქვენ მუშაობას რეფორმებზე, რაშიც თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში იყოს სტაბილურობა. ჟენევის მოლაპარაკებები და ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ვაფასებ თქვენ მიერ გატარებულ რეფორმებს და პოლიტიკას. ასიათასზე მეტი ადამიანი შევიდა შენგენის ზონებში. საქართველოს მთავრობამ გააკეთა ყველაფერი ამისთვის. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ტურიზმისთვის, ერთმანეთის გაცნობისთვის. მეორე – ჩვენ ვხედავთ ქართულ პროდუქტს ევროპაში. ჩენ ვართ საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორი ვართ. 37% გაიზარდა საქართველოს ექსპორტი. მესამე – უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა, ხალხთაშორის კავშირი. ესაა ყველაზე მთავარი. ჩვენ გვაქვს ამბიციური დღის წესრიგი მომავალი წლისთვის. საქართველო არის ფასდაუდებელი და ერთგული პარტნიორი ევროკავშირისთვის”, – განაცხადა მოგერინიმ.